ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილს რომ სამშობლოს მოღალატეობას აბრალებ და რუსული შეთქმულების გამტარს უწოდებ, ამაზე დიდი სიბეცე და უზნეობა რა უნდა იყოს
ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილს რომ სამშობლოს მოღალატეობას აბრალებ და რუსული შეთქმულების გამტარს უწოდებ, ამაზე დიდი სიბეცე და უზნეობა რა უნდა იყოს

სალომე ზურაბიშვილს რომ სამშობლოს მოღალატეობას აბრალებ და რუსული შეთქმულების გამტარს უწოდებ, ამაზე დიდი სიბეცე და უზნეობა რა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„რუსთავი 2-მა“ სიცრუის ტირაჟირებითა და თავისი ბოდვით მოახერხა და რაღაც ჯგუფში ეს განცდა გააჩინა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ფაქტორი და ბარიერია, რომელიც საღმა, გონიერმა და კრიტიკულმა აზრმა უნდა გადალახოს. ასეთი რამ სალომე ზურაბიშვილს როგორ უნდა დააბრალო, მაშინ, როცა გყავს ვაშაძე, ტიპური რუსული მოდელის სახე თავისი ბიოგრაფიით, წარსულით, აწმყოთი, თუ თავისი სენტიმენტებით?!“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მეორე ტური გახდა საჭირო, არის თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით არ მონაწილეობდა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილში ეს მიზეზი იყოს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს ერთი დიდი, გამოკვეთილი ფაქტორია.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთი თვე საკმარისია, რათა მეორე ტურში ძალების სრული მობილიზება გაკეთდეს, რათა ბნელი პოლიტიკური წარსულის მქონე ძალის რევანში არ დავუშვათ.

„ეს საკუთარი ქვეყნის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება. მგონია, რომ თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულებაა, საკუთარი ქვეყანა არ გადაჩეხოს იმ წარსულში, რომლიდანაც ძლივს ამოვიყვანეთ. ეს ყველაფერი რის ფასად მოხდა, ყველას კარგად ახსოვს. თავისუფლების ფასი ქართველმა რომ იცის, ისე არავინ იცის და მგონია, რომ ეს რეალობა და საფრთხე კარგად გაცნობიერდება“, – განაცხადა ბესელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ტიპის ცვლილებებს უნდა ელოდოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მასზე განაწყენებული ამომრჩეველი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ყველა მიმართულებით საჭიროა არა ფრაგმენტული, არამედ კომპლექსური ცვლილებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.

„ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და მივხედოთ იმ მიმართულებებს, რომელზე პასუხისმგებელიც ვართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.