ეკა ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე მამუკა მდინარაძის განცხადებას პოლიტიკურ აფერად აფასებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას პოლიტიკურ აფერად აფასებს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ მიიღებს, რომ 2020 წლის შემდეგი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს.
„ეს მარტივად ითარგმნება, როგორც პოლიტიკური აფერა. მამუკა მდინარაძესა და მის თანამოაზრეებს რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში დარჩენა უსასრულოდ უნდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი სპექტაკლების არავის სჯერა. ჯერ 200 ათასი ნამდვილი ხელმოწერა შეაგროვონ. ამ პროექტს მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლოს თემამ დაამთავრა. ეს არის სრული ბოდვა”, – განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს.