ეკა ბესელია - სააკაშვილის განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილია
გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების აქტს და მის დაუსაბუთებლობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით მთლიანად სისტემური დანაშაულის არსებობაზე მიუთითებდა ყველა ის გარემოება, რაც იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციაში.
„ამგვარად ეს განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემადგენელი ნაწილი, ასევე ეს არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ამდენწლიანი მოლოდინის მერე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სხვა შემდგომ პროცედურებს, ამაზე სტრასბურგის სასამართლოს თუკი ექნება მსჯელობა, იქ გამოჩნდება სხვა.
რაც შეხება გამოტანილ გადაწყვეტილებას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ იმსჯელა ამ გადაწყვეტილებაზე, მიუთითა, რომ სააკაშვილის შეწყალების აქტი იყო დაუსაბუთებელი, რეალობასთან და მთლიანად სისტემური დანაშაულის სურათი დაიხატა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული აქცენტებით, ეს არის სამართლიანობის აღდგენა ამდენი წლის შემდეგ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.