ეკა ბესელია რომან გოცირიძეს - გაიხსენეთ კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი, რომლებიც სასიკვდილოდ გაიმეტეთ
პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე და დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა. ბესელიამ გოცირიძეს დეპუტატ კობა დავითაშვილის შესახებ ჰკითხა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს დაშავდა და ასევე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი შეახსენა.
„ გასაგებად არის ახსნილი სამართლებრივად, რა მოცემულობასთანაც გვაქვს საქმე. უფლება ვალდებულების გარეშე არ არსებობს და ვფიქრობ, ცოტა ბალანსი უნდა დავინახოთ უფლებასა და ვალდებულებას შორის, როცა ვსაუბრობთ, მათ შორის პარლამენტის წევრზე. რომან გოცირიძემ გააკეთა შეფასება, რომ თითქოს, მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევაა და მსგავსი არ ახსოვს ქვეყნის ისტორიას. ბევრი ადამიანი უსმენს ბიუროს სხდომას და ალბათ, ვიღაცას მართლაც გაუჩნდებოდა განცდა, რომ იქნებ თქვენი გუნდის მხრიდან პარლამენტის წევრების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო მაგალითები ვინმემ შეგახსენოთ და იმ ვიღაცის მაგივრად მინდა შეგახსენოთ – რა უქენით კობა დავითაშვილს, პარლამენტის წევრი არ იყო 7 ნოემბერს? რა უქენით ვალერ გელაშვილს?“, – მიმართა ეკა ბესელიამ გოცირიძეს ბიუროს სხდომაზე, რომელმაც თავის მხრივ უმარვლესობის დეპუტატს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე შეახსენა და იგივე შინაარსის კითხვა დაუსვა.
ბესელიას განცხადებით, რომან გოცირიძის შეფასება საღ აზრთან ახლოს არ არის, ხოლო რუსთაველის გამზირზე ხალხის გამოსვლის მოტივაცია „ცალკე თემაა“.
„ხალხი ქუჩაში რისთვისაც არის და ვის რა მოტივაცია ამოძრავებს, ეს ცალკე თემაა. კარვებზე რომ საუბრობთ, რისთვის დაარბიეთ 7 ნოემბერს ხალხი, იმ საკნიდან გამოსული ადამიანები, ღამე რომ ქრებოდნენ და დილით სადარბაზოში თავგაჩეხილებს პოულობდნენ. როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებთ, იქ აუცილებლად გაგახსენებენ უპრეცედენტო შემთხვევას. ისენი იყვნენ პარლამენტის წევრები, სასიკვდილოდ გაიმეტეთ. კობა დავითაშვილი დღემდე ვეღარ გადაადგილდება თავისუფლად, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეთ. არ მახსოვს მაშინ შეფასებები და განცხადებები“, – განაცხადა ბესელიამ.
თუმცა დეპუტატის თქმით, კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდა წლების წინ პოლიცია აქციის მონაწილეებს. ეკა ბესელიამ ამის მაგალითად 2009 წლის 15 ივნისის აქცია მოიყვანა.
„ქუჩაში ექვსი წელი ვიდექი, რომ დამთავრებულიყო თქვენი ძალადობრივი რეჟიმი და პოლიცია როგორ გვექცეოდა, მახსოვს. როგორ ექცევა პოლიცია დღეს და როგორ მიასეირნებს ხალხს იქიდან, ამასაც ვხედავ. როგორღაც განსხვავებას არჩევს ხალხი. თქვენი მაშინდელი პოლიცია ერთი ადამიანის სახელს სკანდირებდა. არ მახსოვს არც ერთი აქცია, სადაც პოლიციელი მის მონაწილეს იცავდა. 15 ივნისს 99 ბავშვი იდგა პოლიციის სამმართველოსთან, ერთ ხაზზე ჩამწკრივებულნი, ბანერები ეჭირათ, მდუმარე აქცია იყო. 99-ვე სისხლში აცურავეთ და საშინლად სცემეთ. ერთი დეპუტატი იყო აბაშიძე. განსხვავებას თუ ვერ ხედავთ, იმას მაინც ნუ ამბობთ, რომ უპრეცედენტო ფაქტი მოხდა,“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პასუხად რომან გოცირიძემ ბესელიას უთხრა, რომ 7 ნომებრის აქციის შემდეგ პრეზიდენტი გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, ხოლო პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რეპლიკას ეკა ბესელიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მაშინდელი რიგგარეშე არჩევნები გაყალბდა.
რომან გოცირიძე დღეს რუსთაველის გამზირზე ძებნილების დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე, სადაც ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, ძებნილების მოხვედრა აბსურდულია. „კარვებში რა იპოვეთ, გარდა 3 ჩადებული ძებნილისა“, – იკითხა გოცირიძემ, რაზეც ბესელია აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაკავება ამ ფორმით არ მოხდებოდა, – „ასე კულტურულად კი არ გადააბრძანებდნენ, დილით სადარბაზოში ან ღამის 00:00 საათზე პოულობდით სადარბაზოებში თავგაჩეხილ ადამიანებს“.
რუსთაველის გამზირზე დღეს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სულ 19 მოქალაქე დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაკავებულთაგან, ორი ძებნილი და ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.