ეკა ბესელია - რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციისგან ამაზე პასუხი ვერ მოვისმინე
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციამ ამის კონსტიტუციური საფუძველიც უნდა მიუთითოს, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე.
„ამ მოთხოვნას არაერთხელ ვუპასუხეთ და აქვე არაერთხელ დავსვით კითხვა, რა აქვს საფუძველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმის გამო დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი. ეს მოთხოვნა რისკენაც არის მიმართული, გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებს ვსვამ და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე ვერცერთი იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც ამ მოთხოვნას აყენებს ან უერთდება. ამიტომ მოდით, აქედან დავიწყოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.