ეკა ბესელია - პოლიციაზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აირიდოს
ეკა ბესელია - პოლიციაზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აირიდოს

პანკისის მოვლენებმა ცხადყო, რომ არაგონივრული, გაუაზრებელი და წინასწარ გაუთვლელი ქმედებების გამო რთული ვითარება შეიძლება შეიქმნას, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მისმა ქმედებამ ისეთი შედეგები არ გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს.

„ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ მგონია, მიუხედავად იმისა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, არც ერთ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხას არც განცხადებამ და არც ქმედებამ. ძალიან ფრთხილად გავაკეთებდი შეფასებებს მოვლენებზე, რაც პანკისში ვნახე და ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ეს ძალიან სახიფათო რამ არის და წინასწარი დიალოგის რესურსი ვიდრე არსებობს, ეს გამოყენებული უნდა იყოს. ვიდრე ძალისმიერ მეთოდებზე გადავალთ, რომელიც ძალიან სახიფათოა განსაკუთრებით ასეთ მგრძნობიარე ადგილზე, საჭიროა, არა ერთი, ორი, ხუთი, ათი, არამედ იმდენი დიალოგის წარმართვა, რამდენის შესაძლებლობაც არსებობს, იქამდე, ვიდრე ასეთ კონფლიქტში მოსახლეობასთან შევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პოლიციაზე ძალადობა და ქვების სროლა დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება ადამიანებს, რომლებიც შენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, ასე მოექცე, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აირიდოს.

„ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გათვალოს, ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა ამ მოქმედებებს, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მგონია, რომ ეს გაუაზრებელი და გაუთვლელი მოქმედებები იყო, რამაც დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.