ეკა ბესელია - პირველი ოქტომბერი სიმბოლური თარიღია, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება
ეკა ბესელია - პირველი ოქტომბერი სიმბოლური თარიღია, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება

პირველი ოქტომბერი სიმბოლური თარიღია, რომელიც უკავშირდება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, როდესაც დიდი ბრძოლის შედეგად საქართველოში შეიცვალა სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ  განაცხადა.

„ჩვენთვის ეს სიმბოლური თარიღია, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ამიტომ, ჩვენი ერთობის დემონსტრირება ამ დღეს, ჩვენი მხარდაჭერა დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სიმბოლურია, რადგან ის იდეალები, რისთვისაც ვიბრძოდით პირველი ოქტომბრის არჩევნების დღეს, რჩება როგორც მთავარი იდეა, მთავრი მიზანი და ეს არის ადამიანი, რომლის ღირსება და უფლებები ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს გარანტირებული და დაცული.

ვფიქრობ, რომ ქვეყანამ გააკეთა ძალიან დიდი ნახტომი იმ უმძიმესი წარსულიდან, რაც მივიღეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის გვაქვს იმის განცდა, რომ დავასრულეთ ჩვენ პროცესი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბრძოლის და ვფიქრობთ, რომ ყოველი დღე ამ პროცესში უნდა იყოს სრულყოფილი და კიდევ უფრო მეტი გაბედული ნაბიჯების გადადგმის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლომ შეძლო გათავისუფლებულიყო პოლიტიკური ზეწოლისგან.

„ჩვენი პოლიტიკური ნების პირობებში სასამართლომ შეძლო ის, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, გათავისუფლებულიყო ამ პოლიტიკური ზეწოლისგან. მე არასდროს მითქვამს, რომ დასრულდა მართლმსაჯულების რეფორმა. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმა არის ის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი პოლიტიკური საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში.

რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გრძელდება. სწორედ ეს ეტაპია ახლა გადამწყვეტი და დამაგვირგვინებელი. სამართლიანობის სრულად განხორციელებისთვის ჩვენ გვჭირდება ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.