ეკა ბესელია - პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვის პროცედურები მიუღებელია.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, რადგან კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი დრო ძალიან ცოტაა.
„ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მე არ ვიცი, ოხანაშვილმა წინასწარ ვისთან რა კონსულტაციები გაიარა, მაგრამ როდესაც ასეთ არადემოკრატიულ პროცედურას იღებ კომიტეტზე და 20 წუთს აძლევ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ეს ნიშნავს, რომ თუ ხუთი ადამიანი ისარგებლებს კითხვის დასმით, 4-4 წუთიც არ გამოდის კითხვა-პასუხისთვის. სრულიად არასერიოზული მიდგომაა. მაშინ აიღოს და პირდაპირ გამოუცხადოს ნდობა, თუ არ სჭირდება ეს პროცედურა და არ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი. ამ დროს საზოგადოებაში ყველამ უნდა დაინახოს ვის ვირჩევთ, ვინ არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან მას სერიოზული კითხვები აქვს.
„მინდა, ამ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებამ მთლიანი სურათი დაინახოს, თუ ვინ არიან ისინი. თუ უზენაესი სასამართლო ხელში აიღო კლანმა, არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციებთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობა აქვს. ეს არის ბრძოლა, რათა სასამართლო სრულად გაკონტროლდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგი“, – განაცხადა ბესელიამ.