ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან
ზვიად კვაჭანტირაძის გამოცდილება და შესაძლებლობები ძალიან საჭირო იქნება ბრძოლისთვის, რომელიც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ზვიად კვაჭანტირაძის უმრავლესობიდან წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტში ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ახალი ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები გრძელდება.
„ზვიად კვაჭანტირაძე ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა, ჩამოვა საქართველოში და განცხადებას თავად გააკეთებს. ჩვენ მის წასვლამდე საუბარი გვქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება, როგორც გამოცდილი, გამორჩეული თანამებრძოლი და ძალიან კარგი დიპლომატი. მისი გამოცდილება და შესაძლებლობები ნამდვილად ძალიან საჭირო იქნება ბრძოლისთვის, რომელიც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება. კონსულტაციები გრძელდება ყველასთან, ვინც ამ იდეის თანამოაზრეა. ახლა სახელებისა და გვარების დასახელებას ვერიდები. რაც შეეხება იდეას და შინაარსს, რამაც უნდა გააერთიანოს თანამოაზრეები, ეს არის სამართლიანობა და გამართული მართლმსაჯულება, რომელიც ყველაფრის გარანტიაა, რათა ქვეყანა ძალიან მყარ დემოკრატიულ რელსებზე იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს, ეკა ბესელიამ აღნიშნა: „ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან, რადგან რასაც ვიწყებ, ბოლომდე მიმყავს, ამიტომ ნუ წამაქეზებენ. ვიცი როდის, რა ნაბიჯი გადავდგა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ შუა გზაზე არასდროს ვჩერდები და ფინალშიც ისე გავდივარ, რომ შედეგი დგება. წინ არის ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება გარკვეულწილად იმ სიტუაციის პროტესტია, რომელიც დღეს პარლამენტშია.