ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, პენსიონრები სასამართლოებისადმი მიმართვისას სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდნენ
დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.
კანონპროექტი საერთო სასამართლოებში სარჩელების წარდგენისას პენსიონრების სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები გათავისუფლებული არიან ამ გადასახადიხგან, რომელიც პირველ ინსტანციაში 220 ლარს შეადგენს, თუმცა პენსიონრები აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედიან. ეკა ბესელიას თქმით, ამ თხოვნით პენსიონრების ჯგუფმა მიმართა. დეპუტატის განცხადებით, რადგან პენსიონრების შემოსავალი ისედაც მცირეა, ეს შეღავათი მნიშვნელოვანია.
დამოუკიდებელი დეპუტატი კოლეგებს სთხოვს, ინიციატივას მხარი დაუჭირონ
„ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველა პენსიონერისთვის ახალი შეღავათის დაწესებას, ეს არის ბაჟისგან გათავისუფლება, როდესაც მათ დასჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა. ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი უკვე არის ისეთ ნიშნულზე, რომელიც გვაიძულებს, დავფიქრდეთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ამ ყველაფრის დამძიმების განმაპირობებელი არის ასევე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი და „კოვიდ-19“-ის გამოწვევამ შესაძლოა, წარმოქმნას ახალი ტიპის სამართლებრივი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების მიღების საჭიროებას. აქ შეიძლება, დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან პენსიონრები, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს, რადგან არსებობს ბაჟი, როგორც წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სარჩელის შეტანის დროს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ყველა შემდგომ ინსტანციაში ბაჟის ოდენობა იზრდება. ამიტომ ინიციატივა არის ის, რომ ბაჟის შესახებ კანონში, სადაც არის ჩამონათვალი, შეღავათები ვისზე ვრცელდება და არ გვყავს ამ ჩამონათვალში პენსიონერები, ყველა პენსიონერზე გავრცელდეს აღნიშნული გამონაკლისი და ყველა ტიპის სარჩელის შეტანის დროს გათავისუფლდნენ ბაჟისგან. ეს იქნება ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, ყველა მოქალაქემ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – განაცხადა დეპუტატმა.