ეკა ბესელია - ოკუპაციის თემა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გამთლიანებას
ეკა ბესელია - ოკუპაციის თემა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გამთლიანებას

ოკუპაციის თემა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გამთლიანებას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი არასოდეს არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგის მოწინავე ადგილიდან.

„დიდება გმირებს! ეს დღე ძალიან მტკივნეულია და 12 წლის თავზეც ისეთივე მტკივნეულია, როგორიც იმ დღეებში იყო, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან საშინელი აგრესიისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მოწმე ვიყავით. ეს იყო ძალიან მტკიცნეული, ძალიან მძიმე დღე. პირველ რიგში, მინდა, ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპაციის თემა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და შესაბამისად, დეოკუპაცია არის მთავარი მიზანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას მივაღწიოთ. ეს თემა არასოდეს არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგის პირველი საკითხიდან, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთადერთი საშუალებაა, კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და არა ისე, როგორც ეს ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გამთლიანებას“, – განაცხადა ბესელიამ.