პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ძალიან მაღალი წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვს, რის გამოც ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამე გაკეთდა.
„საკითხზე გუნდში კონსულტაციები გვქონდა და უმრავლესობამ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა. საერთო გადაწყვეტილებაში მეც ვმონაწილეობდი და ბუნებრივია, ლომჯარიას მხარს დავუჭერ. რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, მას ვიცნობ, ის ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია”, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრის, მანამდე კი გიორგი ფოფხაძეს მოუსმენს.