ეკა ბესელია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაბრუნება გამიკვირდა კახა ოქრიაშვილისგან, მაგრამ არ გამკვირვებია ცეზარ ჩოჩელისგან
„ნაციონალურ მოძრობასა“ და კახა ოქრიაშვილზე კარგს არაფერს ვფიქრობ, ჩემთვის ეს ოქრიაშვილის მხრიდან კიდევ ერთი გაკვირვების საგანი იყო, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას.
დეპუტატის თქმით, ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, როგორია იმ ადამიანის წარსული, ვისაც არჩევნებზე ხმას აძლევს.
„ნაციონალურ მოძრობასა“ და კახა ოქრიაშვილზე კარგს არაფერს ვფიქრობ. სხვა პარტიების შიდა სამზარეულოს დროს ნაკლებად ვუთმობ, მაგრამ მცხეთა-მთიანეთი-ყაზბეგის ოლქში ჩემი კონკურენტია ცეზარ ჩოჩელი, რომელიც ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ კერაში დაბრუნდა. ბუნებრივია, ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი გაკვირვების საგანი, განსაკუთრებით, ოქრიაშვილის მხრიდან, მაგრამ არ გამიკვირდა, რომ ჩოჩელი დაუბრუნდა იმ პარტიას, რომლის გუბერნატორიც იყო. ადამიანები ან არ იცვლებიან და ფესვები ერთ საწყისს უბრუნდება, ან თუ სჭირდებათ, პრინციპებს ძალიან მალე იცვლიან. ორივე შემთხვევაში ცუდი არჩევანია. ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, ხმას ვის აძლევს, რას აკეთებდა და როგორია მისი წარსული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.