ეკა ბესელია - მთავრობისა და პარლამენტის დიალოგის ნაკლებობა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი მიუთითებდა, ერთ-ერთი სერიოზული ხაზგასმაა, თუ რა უნდა შეიცვალოს
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო გულწრფელი, ჰქონდა ძალიან ღია გზავნილები, ღია შეფასება და საინტერესო ანალიზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
როგორც ეკა ბესელია აღნიშნა, იყო საკითხები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა მინიშნებები გააკეთა.
მისივე თქმით, პრობლემატურ საკითხებს შორის ნამდვილად არის ჭარბვალიანობა და მოქალაქეთა ურთიერთობა ბანკთან, ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემა.
„ვფიქრობ, აქ არის რამდენიმე მიმართულება და მინდა, გამოვყო ეს გზავნილები. ყურადღება მივაქციე ტენდენციას, რომ დემოკრატიის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ზრდასთან ერთად, იმავე ტემპით ვერ მიყვება ეკონომიკური პროგრესი. ახლა ამოცანაა, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყოს ისეთივე მზარდი ტემპის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით მოხდა ეს ბოლო წლებში. პრობლემატურ საკითხებს შორის მინდა, დავეთანხმო, ჭარბვალიანობა და მოქალაქეთა ურთიერთობა ბანკებთან, უსამართლო ნორმები ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებს. ამიტომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ და მივესალმებით ახალ ცვლილებას, რომლითაც ეს უსამართლობა უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა წინა მთავრობაზე, მთავარი მიზეზი რაც დასახელდა იყო ის, რომ პარლამენტთან არ იყო საკმარისი დიალოგი. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი, ვინაიდან ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. ვემხრობი, რომ გაიზარდოს პარლამენტის კონტროლის მექანიზმი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. დიალოგის ნაკლებობა, რომელზეც მიუთითებდა ბიძინა ივანიშვილი პარლამენტთან მთავრობის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიოზული ხაზგასმაა, რა უნდა შეიცვალოს. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამიტომ პარლამენტის გარეთ გადაწყვეტილებები არ და ვერ უნდა მიიღებოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.