ეკა ბესელია - „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობისას ეროვნული უსაფრთხოების თემასაც გავითვალისწინებთ
ეკა ბესელია - „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობისას ეროვნული უსაფრთხოების თემასაც გავითვალისწინებთ

“მოქალაქეობის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების თემაც იქნება.

პირველი არხის კითხვაზე, ორმაგი მოქალაქეობის წესის მომზადებისას მხედველობაში იქნება თუ არა მიღებული ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს, რომ გათვალისწინებული იქნება როგორც ევროპული გამოცდილება, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოება.

“კომიტეტმა “მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. კონსტიტუციის ახალი ფორმულირება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის დაკარგვის ჩანაწერს არ იცნობს. ანუ, ჩანაწერი შეიცვალა და დათქმა გაკეთდა, რომ მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება. მუშაობა სწორედ ამ პროცედურებზე დავიწყეთ. ვმსჯელობთ, ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, რა პროცედურები იქნება და მოქალაქეობის მიღება-დაკარგვა როგორ მოხდება. ასევე გათვალისწინებული იქნება საარჩევნო და სამხედრო სამხედრო-სავალდებულო საკითხიც. საკითხთა წრე შემოსაზღვრულია, რაზეც ვიმსჯელებთ. გავითვალისწინებთ ევროპის საუკეთესო გამოცდილებასა და ეროვნული უსაფრთხოების თემას, რადგან მოქალაქეობის მიღების თემა დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.