პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაკითხოს ყველა პირი, დაკითხოს სუბელიანი და გადაამოწმოს საუბრის ნამდვილობა.
„ცალ-ცალკე, ფრაგმენტულად ამ პროცესს არ შევაფასებდი. წინასწარ დასკვნების გაკეთება, ვიდრე გამოძიება დასრულდება, მხოლოდ იმის ინტერესებში შედის, ვისაც რეალურად უნდა, არჩევნებამდე რაც შეიძლება ქაოტური და პროვოკაციული იყოს.
მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაკითხოს ყველა პირი, დაკითხოს თავად სუბელიანი, გადაამოწმოს ამ საუბრის ნამდვილობა, რომელსაც ჩვენ მხოლოდ ხმებით ვისმენთ და ვერ ვხედავთ, ვინ საუბრობს, რა არის რეალურად. ვინც ამის გარეშე ითხოვს რეაქციას და ყოველგვარი გამოძიების და გარკვევის გარეშე უნდა, განაჩენი დადგეს – ასეთი არიან გვარამია და მისი მეგობრები, რომლებსაც უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, არ გამოვა ასე. ეს ნორმალური ქვეყანაა, ყველა იქცევა ისე, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი იყოს გადამოწმებული, ხელს არავის არ დავაფარებთ. მე, პირადად, არ გამიჭირდება სახელის დარქმევა ამ ყველაფრისთვის.
„შეიძლებათი“ ვერ ვისაუბრებ – მე ვარ იურისტი, ვსაუბრობ სამართლებრივი სტანდარტებით და კატეგორიებით და ამიტომ, უნდა ვიცოდე გადამოწმებული ფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც არ გამიჭირდება დასკვნების გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა როგორმე შემიძლია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც უწყების ცნობით 6 ივლისაა ჩაწერილი. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის გაწირეს, სასამართლოს განაჩენი მისთვის წინასწარ ცნობილია და ამის გამო აპირებს, გახმაურებულ საქმეებზე – თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ა.შ. ტყუილები ისაუბროს.