ეკა ბესელია - მმართველი პარტიის განცხადება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, სიცრუეა
მმართველი პარტიის განცხადება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მორიგი შეურაცხყოფა და სიცრუეა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი, რაც მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა, არის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღება.
„ჩვენ ვამბობდით, რომ გამოცდა, როგორც ბარიერი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. ითქვა, თითქოს გაიზიარეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ეს არის ტყუილი. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავე დროს არ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ შემოთავაზებული ცვლილებით მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს. არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა რეკომენდაცია. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ დაუჯერებდნენ, არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს. რატომ გააკეთეს საჯარო დაპირებები, რომ რეკომენდაციებს გაიზიარებდნენ? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებენ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც მოსახლეობის განწყობას და ასე ჯიქური იღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.