ეკა ბესელია - მინისტრობის კანდიდატებთან საინტერესო გასაუბრება შედგა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატებთან რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, საკმაოდ საინტერესო გასაუბრება შედგა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების რეფორმა.
„შსს-ში გამოძიების კომპონენტის გაძლიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომ გამოძიების ხარისხი და სტანდარტები კიდევ უფრო მაღალი იყოს. მნიშვნელოვანია, იუსტიციის სამინისტროს ის პროცესები, რომლითაც ხდება სასჯელაღსრულების სამინისტროს შერწყმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რათა ამ ორი სამინისტროს პრიორიტეტების თავსებადობა მოხდეს ისე, რომ ხარისხი, სტანდარტები და რეფორმის სისწრაფე იყოს მაღალი. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი კომპონენტი, რომ პროკურატურა გამოდის სამინისტროდან და ახლა სწორედ მთავარი პროკურორის არჩევაზე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის ბლოკი, რომელიც ეხება შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ახალ სამშვიდობო პოლიტიკას. მთლიანობაში, ჩვენ საქმიან ჭრილში ვუყურებთ ამ პროცესს და კომიტეტმა ბუნებრივია, დაუჭირა მხარი მთავრობის ამ შემადგენლობას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.