ეკა ბესელია - მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით
მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იმ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ, სადაც პატიმარი ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა.
„მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, რადგან სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით. მახსოვს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს.
რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ? მე ახალი არაფერი მომისმენია პირადად. ამ პატიმრის თაობაზე ვიცოდი. გამოძიებასთან მაქვს კითხვა, ამდენი თვის განმავლობაში ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, თუ ადასტურებდა ეს ადამიანი, რომ მან უკანონოდ გაავრცელა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან.