ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხანია, დავასრულე
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თანამდებობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს და მის შესანარჩუნებლად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხელი გაუწოდა და „ევროპულ საქართველოსაც“ ფეხქვეშ გაეგო.
„ირაკლი კობახიძემ, სწორედ იმიტომ, რომ როგორმე შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტიურად დაკარგული აქვს, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლომდე გაუწოდა ხელი და მათ შორის „ევროპულ საქართველოსაც“ ბოლომდე ფეხქვეშ გაეგო, ადეიშვილისა და სააკაშვილის ჯალათებსაც გაუწოდა ხელი. იმ მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასოდეს მივიღებ“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სხდომაზე მასთან მიიყვანა, მაგრამ მან კობახიძის ბოდიში არ მიიღო.
„მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხანია. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე არ მივიღე მისი ბოდიში, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის მოხდა. ისიც იმიტომ მოიხადა, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი შეფასებით, ახლა პარლამენტის თავმჯდომარის წასვლის მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.
„ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე „ნაციონალურ მოძროაბასთან“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება.