ეკა ბესელია - გიორგი ვაშაძე და მისი თანაგუნდელები არჩევნების გაყალბებაში იმდენად იყვნენ გაწაფული, რომ ეს დღემდე მოჰყვებათ
გიორგი ვაშაძე და მისი თანაგუნდელები არჩევნების გაყალბებაში იმდენად იყვნენ გაწაფული, რომ ეს დღემდე მოჰყვებათ და ეს ხელმოწერების შეგროვებაშიც გამოავლინეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ისინი ამ პროცესს ყოველთვის უდიერად და კანონისადმი უპატივცემულობით ეკიდებოდნენ, ხელმოწერები ვერ შეაგროვეს და მიათვალეს ის ადამიანებიც, ვინც შეიძლებოდა, ერთი ხელის მოსმით ჩაეწერათ. ამ ყველაფერში ძალიან გაწაფული რომ არიან, ეს ამიტომ დაემართათ. ეს რომ გასაჯაროვდა და გავიგეთ, თურმე, როგორ გავბედეთ და ამაზე როგორ ვლაპარაკობთ. სხვათა შორის, იმ დღეს ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტში ყველას გასაგონად ამბობდა, რომ იმ სიაში მისი ოჯახის გარდაცვლილი წევრიც კი არის“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც მან პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ გააკეთა, თითქოს, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ხელოვნურად მოაწყო, უტიფრობის ზენიტი იყო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უკავშირებს ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრების დროს მომხდარ ინციდენტებს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს იგივე ხელწერაა, რაც 2012 წელს იყო, როცა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებდა.
„პროვოკაციებს იგივე ადამიანები აწყობენ, ზუსტად იგივე სახეებია და ზუსტად იგივე ხელწერა. სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტიპის, მართლაც ცივილიზებულ, რესპექტაბელურ, ძალიან აკადემიურ და კულტურულ საარჩევნო კამპანიას მართავს, რაც თემატური შინაარსით არის დატვირთული და არა ამ ფრაზეოლოგიით – მოღალატეები, მტრები და ა.შ. წარმოიდგინეთ, დღეს ღალატზე ლაპარაკობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცხრაწლიანი საქმიანობის დროს, სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ყველაზე მეტად გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი ტერმინებით საუბარი ზუსტად მათ ეიოლებათ იმ ქალბატონის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და შეუპოვარია“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ომი იყო, რაშიც „ქართული ოცნება“ იყო ჩართული და არა არჩევნები, 2013 წლიდან კი, ქვეყანაში პირველად ვნახეთ, როცა საარჩევნო კამპანიის დროს, ოპონენტებს ხელისუფლება იცავდა.
„თუ მათ მიაჩნიათ, რომ ოპონირების რეჟიმი ასეთი სტანდარტით ნორმალურია, ისინი ვერც ერთ შეხვედრას ვერ ჩაატარებდნენ. რა, ჰგონიათ, ამ ქვეყანაში დაილია ადამიანები, რომლებსაც მათი გუნდის მიმართ პროტესტი აქვთ?! ხელისუფლებამ ასეთი ადამიანები შეხვედრაზე რომ მიუშვას და ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ სურათი, რომ ამის პროვოცირება ვინმემ გააკეთოს, ეს საარჩევნო კამპანია რას დაემსგავსება?!“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.