ეკა ბესელია - გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა არც საქირქილოა, არც ტრაგიკული, გასააზრებელია აქცენტები და ტენდენციები, რაც ამ კვლევაში ჩანს
ეკა ბესელია - გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა არც საქირქილოა, არც ტრაგიკული, გასააზრებელია აქცენტები და ტენდენციები, რაც ამ კვლევაში ჩანს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა არც საქირქილოა, არც ტრაგიკული, გასააზრებელია ის აქცენტები და ტენდენციები, რაც ამ კვლევაში ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კვლევასთან დაკავშირებით ბევრი პათეტიკური და არასერიოზული კომენტარები გაკეთდა.

„ამ კვლევის ერთი ძალიან ნიშანდობლივი საკითხია ბევრ სხვა საყურადღებო საკითხთან ერთად, რომელიც ეხება ბავშვებს. მინდა ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის თაობაზე ვთქვა.კვლევა ერთია, რომელსაც სჭირდება მართლაც გაანალიზება. ამ კვლევაში წერია ძალიან მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ეს არის სკოლამდელი განათლება. სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიუთითებს, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე 63.7 %-ით გაიზარდა იმ პირთა ჩართულობა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ საბაზისო სერვისებზე.

„ეს პარლამენტია სწორედ ავტორი 2016 წელს მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც არის სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და ეს არის ოთხწლიანი რეფორმა, რომელიც 2020 წლამდე უნდა განვახორციელოთ. ჩვენ ორი წელი გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად ვიმუშავეთ ამ რეფორმაზე. ეს არის ერთ-ერთი პასუხი ხელისუფლების გამოწვევაზე და რა ხედვა აქვს მომავალში. ეს რეფორმა არის კომპლექსური და არ არის მხოლოდ განათლება. აქ არის ყველა სფერო ჩართული, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეხმიანება. მეორე ეს არის კამპანია, რომელიც დაიწყო. სამი დღის წინ პარლამენტში იყო ეს პრეზენტაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად და ძალიან გული დამწყდა, რომ ჩვენი კოლეგების გარდა უმრავლესობიდან, არც ერთი ოპოზიციონერი კოლეგა არ ესწრებოდა ამ პრეზენტაციას. ეს ეხებოდა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვას და აქ პარლამენტი, ისევე როგორც საზოგადოება, უნდა იყოს ძალიან აქტიური, რადგან მხოლოდ ვიშვიში ამ ამბავზე რაც მოხდა და რაც ყველას ტრაგედიაა, არ არის საკმარისი. საჭიროა, ამ პრობლემის სიღრმისეული ანალიზი და ძალადობრივი გამოვლინებების სათავეებთან მისვლა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.