ეკა ბესელია - ეს მარტივი არჩევნები არ არის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, ამიტომ ყველანი ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში
ეს მარტივი არჩევნები არ არის, ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, ამიტომ ყველა ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში, რომ ჩვენი ყველა ამომრჩეველის დარწმუნება მოვახერხოთ, არჩევნებზე მოვიდეს და ხმა ქვეყნის მომავალს მისცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი თანხმდება ცვლილებების საჭიროებაზე, რასაც ორი ეტაპი აქვს.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ორი რამ არის მნიშვნელოვანი, რაზეც ვთანხმდებით. რა გზავნილიც მივიღეთ, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ. საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისეთი რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება. ამ ცვლილებებს ორი ეტაპი აქვს. პირველი ეტაპი არის ახლა მოკლევადიანი, რომელიც ამ მოკლე ვადაში, საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმი ღონისძიებისათვის აუცილებლად გასაკეთებელი, შესაცვლელი და გადასახედია. ეს ჩვენი შიდა საქმეა, ამ შიდა მენეჯმენტს როგორ დავალაგებთ. ამ მხრივ ცვლილებები იქნება. იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში რეალური საფრთხეა, თუ ამ არჩევნებში რევანშისტული ძალა მოვიდა, ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა. სახიფათოა არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ არჩევანია, რა გვინდა. ქვეყანაში მშვიდობა გვინდა, თუ უკან, წარსულში ვბრუნდებით“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მეორე საკითხი არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს ეხება.
„ეს ბევრი საკითხია, რომელიც როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, ისევე ადგილობრივ დონეზე საკითხებს ეხება. ეს საკითხები კომპლექსურად არის გადასაწყვეტი. ყველა პრობლემა, რომელიც დაგროვდა და გვაქვს, ეხება ცალკეული მოქალაქეების ინდივიდუალურ პრობლემებს, თუ კომპლექსური საკითხებია, რომელიც არა ერთ, არამედ 100 და 1 000 ადამიანს აწუხებს, ვთანხმდებით, რომ
ცვლილებები უნდა მოხდეს. ახლა იმის დრო არ არის, რომ ინდივიდუალური საქმის განხილვები დავიწყოთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია.
„ახლა კონსოლიდირების დროა, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების, რათა ყველამ საფრთხე გადაუჭარბებლად გავაცნობიეროთ. ეს მარტივი არჩევნები არ არის. ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, ამიტომ ამ მიზნით ყველა ვერთვებით, რომ ჩვენი ყველა ამომრჩეველის დარწმუნება მოვახერხოთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს და ხმა ქვეყნის მომავალს მისცეს. პარალელურად ეს იქნება დღეს, ხვალ, მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ იმ ცვლილებებს განვახორციელებთ, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ეს არის ორი გზავნილი, რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც.