ეკა ბესელია - ძალიან ცუდ დღეშია პარლამენტი, თუ ასე გაგრძელდა, მძიმე შედეგებამდე მივალთ
პარლამენტი სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ისეთ ორგანოს განასახიერებს, რომელსაც ფერების, მესიჯების, ადრესატების და ახლა უკვე კანონპროექტების არევის კუთხით აქვს განსაკუთრებული სიახლეების პრეტენზია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები იმით უნდა დაკავდნენ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კარგი იმიჯი ჰქონდეს.
„ვისურვებდი, რომ პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარე, კობახიძე და დანარჩენებიც, ვინც პარლამენტში მნიშვნელოვან პოზიციაზე არიან, დაკავდნენ არა პერსონალური შურისძიებებით და ასეთი გარჩევებით საკუთარ კოლეგებთან, არამედ იმით, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს კარგი იმიჯი. როცა მოსახლეობას აყურებინებ, რომ წითელსა და მწვანეს ვერ გაარჩევ და ასეთი ქაოსის სურათს ქმნი პარლამენტის სახით, ძალიან მტკივნეული საყურებელია“, – განაცხადა ბესელიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მან წლების მანძილზე, კოლეგებთან ერთად, ძალიან ბევრი გააკეთა ინსტუტუციების სიძლიერისთვის.
„ძალიან ცუდ დღეშია დღეს პარლამენტი. ამას სჭირდება სწრაფი ცვლილებები. თუ ასე გაგრძელდა, მძიმე შედეგებამდე მივალთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება, მესამე მოსმენით 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.