ეკა ბესელია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ პროცესში გადატანა, სამართლებრივ პროცესს აზიანებს.
მისი თქმით, საქმეზე წარმოებული გამოძიების დროს, საგამოძიებო ორგანოს მოწმეთა დაკითხვა, მასალების მოპოვება და ყველა შესაძლო პირის მხრიდან გარკვეული ჩვენებების მიღება ხელეწიფება.
„ასეთი საქმის პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა, მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება. საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, ამ საქმეზე, ამის შემდეგ, რა უნდა მოხდეს? პარლამენტმა დაკითხვები, კამერების ამოღება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი არ იქნება და თუ იქნება, ამ ყველაფერმა შეიძლება რაიმე სარგებელი მოიტანოს? – მგონი, არა. ამ პროცესს იმ ჭრილში ვუყურებ, რომ იმ ორგანოს, რომელსაც შედეგის დადება ევალება, ეს შედეგი როგორიც არ უნდა იყოს, მას მოვთხოვოთ და ეს ვალდებულება მას მივანდოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ორივე საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. ძალოვანი უწყებების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, ხოლო მუხთარლის საქმეზე – „ევროპული საქართველო“.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.