ეკა ბესელია - დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ როცა ასეთი ფრაზებით საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს
დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ როცა ამ ფრაზებით საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით ბესელია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა“.
ბესელიას შეფასებით, ასეთი ფრაზები შეუსაბამოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის და მისი სტატუსისთვის.
„შეიძლება, მას ეს ფრაზები ძალიან მოსწონს, მაგრამ ეს შეუსაბამოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდარისთვის, ასევე მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე და მისი სტატუსისთვის. შეიძლება, თავად ხიბლშია და ჰგონია, რომ კარგია, მის მართლა გოიმურ ფრაზებს რომ იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ეკა ბესელია ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრის ხვალინდელ გამოსვლას გამოეხმაურა.
ეკა ბესელიას განმარტებით, გიორგი გახარიასგან გუშინ მიიღო პიორობა, პასუხს გასცემს, რას ფიქრობს იმაზე, რომ ყველა პენსიონერი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟისგან, როცა სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
„ხვალ დაპირებულ პასუხს ველოდები და იმედია, ეს პასუხი დადებითი იქნება. ვინაიდან, სიღარიბესა და ბავშვთა უფლებებზე იქნება საუბარი, ვაპირებ, კითხვები დასვა. პრემიერს სადეპუტატო კითხვა გავუგზავნე, 70 დღეზე მეტია, პასუხი არ მიმიღია და ეს კონსტიტუციის დარღვევაა. სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობა ნორმატიულ აქტს არ ღებულობს და კანონს არღვევს. ჩემი კითხვაც ამას ეხება“, – განაცხადა ბესელიამ.