ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, ირაკლი კობახიძეს ხელი მოჰკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს
ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, ირაკლი კობახიძეს ხელი მოჰკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პარლამენტი პოლიტიკურ ხანძარში გახვია – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რაც არის საპარლამენტო კრიზისი, რომლის მთავარი სათავე მმართველ გუნდშია.
„პირველ რიგში, ამის სათავეში არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ირაკლი კობახიძე. კობახიძეს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი არ ჰყავს, რომ ხელი ჩაჰკიდოს, რასაც უმრავლესობის სხდომაზე აკეთებდა და ბოდიშის მოსახდელად ხან ჩვენთან მოჰყავდა, ხან კარებისკენ მიუთითებდა. აქ ბიძინა ივანიშვილი არ ჰყავს, რომ სწორი მიმართულება მისცეს. ამიტომ, სანამ სხდომათა დარბაზში მისი გამოჩენის აუცილებლობა დადგება და პარლამენტი პოლიტიკურ ხანძარში გაეხვევა, იქამდე ვინმეს ჭკუა უნდა ეყოს და პარლამენტი ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. ირაკლი კობახიძის წყალობით სადამდეც მივედით, ეს ჩანს. კვლავ ჩამოვთვალო, უარი რა თანამდებობებზე ვთქვი? ასეთი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არ ვიქნებოდი. ჩემი თანამდებობაც დავტოვე, რომ მოსამართლეთა სია შემეჩერებინა. შეშინებული კობახიძე ჩინჩალაძეს ლამის ფეხქვეშ გაეგო და ამ ვითარებიდან ქვეყნისთვის გამოსავალი რომ მოძებნილიყო, ჩემი გადადგომა აუცილებლობად ჩავთვალე და ეს პროცესი შევაჩერე. თანამდებობებს გამოკიდებული ვინ არის, კარგად ვხედავთ. ჩემს მიმართ ასეთ ტერმინებს ნუ იყენებს, სირცხვილია. გინდ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე, გინდ – არა. ქართული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ, თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო. ის ახლა ამ მდგომარეობაშია. მის პატრონს, ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ხელი მოჰკიდოს, როგორც ერთხელ ჩაკიდა და ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოიყვანა და ახლოს არ მოვუშვი”, – განაცხადა ბესელიამ.