ეკა ბესელია - არჩილ​ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეჯერება შესაძლებელია
ეკა ბესელია - არჩილ​ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეჯერება შესაძლებელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის ერთიან ტექსტზე შეჯერება შესაძლებელია.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საჭიროა განწყობა, რომ ერთიანი ტექსტი იყოს მიღებული.

„არ მგონია, რეზოლუციასთან მიმართებით ისეთი საკითხი იყოს, რაც ასეთ გახანგრძლივებულ დისკუსიას უნდა იწვევდეს. მგონია, რომ მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია. სამართლებრივ საკითხებს ცოტა მეტი სიზუსტე სჭირდება, რადგან სამართლებრივ ნაწილს გაცილებით სხვა სტანდარტი აქვს, ვიდრე პოლიტიკურ შეფასებას. განწყობაა საჭირო, რომ ერთი ტექსტი იყოს მიღებული“, – აღნიშნა ბესელიამ.

დეპუტატი რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ მიმართვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადება რეზოლუციის პროექტს არ ეწინააღმდეგება.