არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას გუნდის შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს მაძლევდა უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი. მე ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი. არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კონკრეტულ ნაწილში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას და კანონში ცვლილებებს ეხება, შეთანხმება მიღწეულია, რაც მისასალმებელია.
„იმ ნაწილს, რომელიც ეხება პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, მივესალმები. არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებასა, თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით, ის არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. კომიტეტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩით, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატრვაა, დაასახელოს პირველი მოადგილე. თავის დროზე, როდესაც ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, მაშინ გუნდთან კონსულტაციები არ ყოფილა და ჩემი მოსაზრება მაშინ არ უკითხავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.