ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. ამის შესახებ ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.
„ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, იფიქრონ გამსხვილებაზე. შესაძლოა, იყოს რამდენიმე კონფიგურაცია, ეს ცუდი არ არის. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა, როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ერთი ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი, არ ვიცი, როგორი კონფიგურაცია იქნება. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც, მე მახსოვს, იყო „ქართული ოცნების“ იდეასთან და ყველა, ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“. შეიძლება, ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე – „ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ამ საკითხზე მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ, რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან. მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, – განაცხადა ბესელიამ.