ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის ოთხ წევრს ემუქრებიან
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წევრები არიან. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბესელია ამბობს, ოთხი კონკრეტული შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ოთხი პირიდან ერთი მამაკაცია. დეპუტატი არ აკონკრეტებს, არის თუ არა რომელიმე მათგანი მინისტრი.
ბესელიას განცხადებით, სახელების და გვარების დასახელების გარეშე გამოძიებას უამბო როგორც აღნიშნული ოთხი შემთხვევის შესახებ, ისე „დანაშაულებრივ კავშირზე, რომელიც სასამართლოს გარკვეულ გავლენიან ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის არსებობს“.
„კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილი- მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაციები. ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე.
მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი. მმართველ გუნდში არიან. რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, – განაცხადა ბესელიამ
ამასთან, მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, მმართველი გუნდის წევრების მსგავსად რამდენად ემუქრებიან ანალოგიური კადრების გავრცელებით ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
დამოუკიდებელი დეპუტატი გენერალურ პროკურატურაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული. საქმე ეხება ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზემოქმედებასა და შანტაჟზე.