ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმ მოსამართლეობის კანდიდატთა შორის, რომელთა მხარდაჭერასაც ივანიშვილი ითხოვდა, მიხეილ ჩინჩალაძეც იყო
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმ მოსამართლეობის კანდიდატთა შორის, რომელთა მხარდაჭერასაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა, მიხეილ ჩინჩალაძეც იყო.
„კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი. მიმაჩნდა, რომ სია მთლიანად იყო მიუღებელი. იქ იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც იყო აბსოლუტურად უკანონო, რომ ნაჩქარევად, პარტიზანულად გამეტანა სია კომიტეტზე, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ითხოვდა“, – აღნიშნა ბესელიამ.
ამასთან, მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ თამარ ჩუგოშვილი ამ ფაქტებს დაადასტურებს.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ჩუგოშვილი განსაკუთრებულ გამბედაობას გამოიჩენს და ამას დაადასტურებს. ამაშიც გავუგებ მას, როგორც ქალი, ვერ მოვთხოვ სხვას განსაკუთრებულ გმირობას. მესმის, რომ მას უწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. ამის მაგალითი იყო თუნდაც იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არგაპროტესტება იმისა, რაც მოხდა ცუდი ამ პროცესში“, – განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მის უარს ფარული ვიდეოკადრების გავრცელება, ბესელია პასუხობს: „ლოგიკას სადამდე მივყავართ, ეს ყველას ინდივიდუალური აზროვნების სივრცეა. ამ კონფლიქტის, ჩემი უარის, გაფრთხილების შემდეგ, რომ უნდა გავჩერებულიყავი, ვერ დამიცავდნეენ თურმე, მე ვუთხარი, რომ თავად იყვნენ სულ დასაცავი. მე ჩემს თავს არ ვიცავდი, ვიცავდი „ქართულ ოცნებას“ და თავად როგორ იცავენ თავის ყოფილ თანაგუნდელს, რას კადრულობენ, ამას ამომრჩეველი უყურებს“.