ეკა ადამია - ვისწრაფვით, რომ სრულად უზრუნველვყოთ ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები
ჩვენ ვისწრაფვით, სრულად უზრუნველვყოთ ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ადამიამ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ადგილების დამატება, რადგან გამოჯანმრთელების სურვილის მქონე პირები ამბობენ, რომ მათ ერთი თვით, ან მეტი დროით უწევთ ხოლმე მოცდა, რადგან სტაციონარში უმეტესად ადგილი არ არის.
„ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც გადასაყვანია სამოქმედო პროცესში და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს, ნათელი მაგალითია იმის, რომ ის არის ყოველწლიურად განვითარებადი, განახლებადი. ჩვენ ვისწრაფვით, სრულად უზრუნველვყოთ ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა ადამიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს მოქმედი ცენტრი საერთაშორისო სტანდარტს, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ ფიზიკური ინტოქსიკაციის მოხსნა გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს და მკურნალობის პროცესი კომპლექსური უნდა იყოს, მსოფლიო მასშტაბით კი, ცენტრებში დამოკიდებულების რეაბილიტაცია ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს – ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სულიერი და სოციალური ასპექტებით, ეკა ადამიამ განაცხადა, რომ არსებული პროგრამა ამ სტანდარტებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს.
„ამ კომპონენტში გათვალისწინებულია ის ასპექტები, რაც თქვენ ახსენეთ. აქ არის როგორც ჩანაცვლებითი თერაპია, ასევე დეტოქსიკაცია-რეაბილიტაციის და ფსიქოთერაპიის კომპონენტი. შეიძლება, ეს რაოდენობრივად არასაკმარისი იყოს, მაგრამ თუ პროგრამა დასაწყისში 3 00 პაციენტს ემსახურებოდა, ახლა 15 000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება. რეალურად, ეს არის განვითარებადი მიმართულება“, – განაცხადა ადამიამ.
შეკითხვაზე, რამდენად არის გამოსავალი მხოლოდ ის, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ კანონი უმკაცრესია და პრევენციის მიმართულებით რა გეგმები, თუ განსაზღვრული პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც დღესდღეისობით პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის, არის პრევენციული ღონისძიებები და სამინისტროს პირველი პრიორიტეტია, პროგრამის შემდგომი განვითარების ეტაპზე ეს პრევენციული ღონისძიებები დაინერგოს.