ეკა ადამია - გეგმურ ოპერაციებზე და გეგმურ ჩარევაზე არის რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გადაწევა
სამედიცინო სერვისი არც ერთ აკრძალვას არ ექვემდებარება, თუმცა გეგმურ ჩარევაზე უნდა იყოს გარკვეული რეკომენდაციები გათვალისწინებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განაცხადა.
როგორც ეკა ადამიამ აღნიშნა, გეგმურ ოპერაციებზე და გეგმურ ჩარევაზე არის რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გადაწევა.
„ჩვენ გეგმურ ოპერაციებზე გავეცით დაახლოებით ოთხი თვით გადაწევის რეკომენდაცია. რაც შეეხება ისეთ მომსახურებას, როგორიც არის სტომატოლოგია, დიალიზი, იმუნიზაცია. სტომატოლოგიის შემთხვევაშიც გეგმურებზეც გაცემული არის გადაწევის რეკომენდაცია, რადგან განსაკუთრებით სტომატოლოგიაა ამ შემთხვევაში მაღალი რისკის შემცველი, ვინაიდან თავისებური პროცედურები ახასიათებს. დიდი რაოდენობით წვეთები და აირზოლები გამოიყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეგმიური ოპერაციები არ განახორციელონ სტომატოლოგიურმა დაწესებულებებმა. თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში, მათ უნდა გაუწიონ მომსახურეობა პაციენტს. პირადი დაცვით და ინფექციების კონტროლის რეკომენდაციების მკაცრი გათვალისწინებით. დიალიზის შემთხვევაში სერვისი უწყვეტად უნდა მიეწოდოს ბენეფიციარს, თუმცა აქაც ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ზედმიწევნით დაცული უნდა იყოს. როგორიც არის პაციენტის სკრინინგი, საეჭვო პაციენტის შემთხვევაში მისი იზოლირებულად მოთავსება, დისტანციის დაცვა პაციენტებს შორის და ა.შ. არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც მკაცრად უნდა შესრულდეს დიალიზის დროს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.
მისივე თქმით, გეგმური იმუნიზაცია ის პროცედურაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან იმუნური ფენა ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაქვეითდეს.
„ჩვენ ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს იმუნიზაციის მოცვის, ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო უნდა მოიმატოს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ კორონავირუსისა და ზოგადად ეპიდემიებთან ბრძოლის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს“, – განაცხადა ადამიამ.