„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ ახალი ტერმინალის გასავითარებლად შეთანხმებას მოაწერეს ხელი
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, „ეიპიემ ტერმინალსი“ ინვესტირებას განახორციელებს ახალი მოლის, 400 მეტრი სიგრძის ნავმისადგომისა და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.
კომპანიის ცნობით, შეთანხმების შესრულება დამოკიდებულია რიგ წინაპირობებზე, როგორიცაა შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ფოთის საზღვაო ნავსადგურში მსოფლიო დონის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გასახორციელებლად.
„მოცემული თანამშრომლობა გულისხმობს თანამედროვე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას, რომელსაც შეეძლება პანამაქსის ტიპის გემების მიღება და 25 ჰექტარზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სხვადასხვა ტიპის ტვირთების დამუშავება. ახალი ინფრასტრუქტურა ტვირთების მიწოდების ჯაჭვს უფრო ეფექტურს და ნაკლებხარჯიანს გახდის ადგილობრივი და რეგიონული ტვირთმფლობელებისათვის“, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ახალი მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალი აშენდება ნავსადგურის გაფართოების გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში და შექმნის დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე მშრალი და ნაყარი ტვირთების დამუშავების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება ნავსადგურის მომხმარებლებისა და ზოგადად, ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული მხარეებისათვის იმდენად, რამდენადაც ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი, გემების დამუშავების შემცირებული დრო, სანდო და ეფექტური მომსახურებები შესაძლებელს გახდის გადაზიდვების ხარჯების ოპტიმიზებას.
„ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებაში გაკეთებული უპრეცედენტოდ მასშტაბური ინვესტიციით, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ფაზად განხორციელდება, „ეიპიემ ტერმინალსი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქვს საქართველოს ლოგისტიკური დერეფნის წარმატებული და მდგრადი მომავლის რწმენა და პერსპექტიულად ესახება ეროვნული და რეგიონული ეკონომიკების შეუქცევადი ზრდა, ბიზნესის კიდევ უფრო სტიმულირება. აღნიშნული, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით, რაც გამოიწვევს ახალი ეკონომიკური საქმიანობების წახალისებასა და ასობით პირდაპირი თუ არაპირდაპირი დასაქმების შესაძლებლობის გაჩენას.
ნავსადგურის გაფართოების სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობა და თანმდევი დადებითი შედეგები გვაძლევს წარმატების რწმენას, რომელიც მიიღწევა პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შორის ეფექტური თანამშრომლობითა და კოორდინაციით. გასაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობა, რომლის მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წარმატებისათვის და ამას ძალიან ვაფასებთ“, – დასძინა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.
შეთანხმებას ხელი 2020 წლის 15 ოქტომბერს ფოთში მოეწერა.