ეინდჰოვენში MH17-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს
ეინდჰოვენში MH17-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში MH17-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდებში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„MH17-ის ტრაგედიამ გაგვაერთიანა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჰოლანდიური გამოცემის ინფორმაციით, მემორიალი ეინდჰოვენში ავიაბაზის მახლობლად გაიხსნა. სკულპტურას ბრინჯაოს ლენტებისგან შემდგარი გლობუსის ფორმა აქვს. „არ დამავიწყდები“, – აწერია თითოეულ ლენტს.

მონუმენტის პოსტამენტი 298 ქვისგან შედგება – სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა დონეცკში ავიაკატასტროფას.

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი-777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, დონეცკის ოლქში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. დაიღუპა 298 ადამიანი.

საერთაშორისო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი „ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.