„ეიბისის“ ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური თეთრ სახლსა და პენტაგონს კორონავირუსის შედეგების შესახებ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა
ტელეკომპანია „ეიბისის“ ცნობით, აშშ-ის დაზვერვა თეთრ სახლსა და პენტაგონს კორონავირუსის შედეგების შესახებ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, ისინი გაეცნენ აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრის (NCMI) ანგარშს, სადაც საუბარია, რომ „ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი ინფექცია ვრცელდება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს“.
„ეიბისის“ ცნობით, დაზვერვის სამსახურმა ეს ინფორმაცია, რომელსაც თან ახლდა თანამგზავრით გადაღებული სურათები თეთრ სახლს 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გადაუგზავნა. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ „არაკონტროლირებადი დაავადება აზიაში დისლოცირებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კორონავირუსის შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ რამდენჯერმე იყო ინფორმირებული პენტაგონიც.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ჩინეთში „კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი დაავადება პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს.