ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი ხმათა 30 პროცენტით ლიდერობს, სავარაუდოდ, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის (AUR), „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და ლიბერალი პოლიტიკოსი ელენა ლასკონი, რომელმაც გასულ წელს არჩევნებზე მოულოდნელად მაღალი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა.
კომპანია Avangarde-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი პროგნოზირებს, რომ სიმიონი პირველ ადგილს დაიკავებს და რუმინეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს. არჩევნების პირველ ტურში სიმონის ლიდერობას ადასტურებს კომპანია Curs-ის ეგზიტპოლიც. აქ ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კიდევ უფრო მაღალი შედეგი – 33,1 პროცენტი აჩვენა.
მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ ამ პროგნოზით მეორე ადგილზეა 22,9 პროცენტით. ნიკუშორ დანმა – 20,9 პროცენტი მიიღო, ვიქტორ პონტამ – 14,7 პროცენტი, ხოლო ელენა ლასკონიმ – 4,4 პროცენტი.
ამასთან, ეგზიტპოლის ჩამტარებელი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი რუმინელი ამომრჩევლების ხმებს, რომელთა ხმის მიცემა კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხმები ქვეყნის შიგნით არსებული ხმების ათ პროცენტზე მეტს შეადგენს.
ვინაიდან ვერცერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები 50 პროცენტს ვერ აღემატება, სავარაუდოდ 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართება.
ცნობისთვის, ჯორჯე სიმიონი უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირების მომხრეა. ექსპერტები და დამკვირვებლები მის პოლიტიკას პრორუსულად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატრადა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.