ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში „კონსერვატორები“ ლიდერობენ
ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში „კონსერვატორები“ ლიდერობენ

საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლების თანახმად, „კონსერვატორები“ ლიდერობენ, მარინ ლე პენის პარტია კი სავარაუდოდ ვერცერთ რეგიონს ვერ მოიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე „რესპუბლიკელები“ ხმების 38 პროცენტს აიღებენ, მეორე ადგილზე „სოციალისტები და მწვანეები“ არიან 35 პროცენტით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ კრებას“ კი 20 პროცენტი აქვს.

ფრანგული მედია წერს, რომ ქვეყნის მმართველ პარტიას, „რესპუბლიკა მოძრაობაში“, რომელიც რამდენიმე რეგიონში მეორე ტურშიც კი ვერ გავიდა, ამ დროისთვის შვიდპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

„რესპუბლიკელებს“ და „ეროვნულ კრებას“ შორის მთავარი ბრძოლა „პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის“ რეგიონში მიმდინარეობდა, სადაც წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელი“ რენო მუზელიე ლიდერობს. მარინ ლე პენის პარტიას „რესპუბლიკელი“ ქსავიე ბერტრანი „ო-დე-ფრანსის“ რეგიონში ამარცხებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის გარშემო „ილ-დე-ფრანსის“ რეგიონს ასევე რესპუბლიკელი, ვალერი პეკრესი იგებს.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ამომრჩევლების აქტივობა 27 პროცენტი იყო, რაც ისტორიული მინიმუმია.