ეგზიტპოლების თანახმად, პარიზის მერის პოსტზე მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი ემანუელ გრეგუარი ლიდერობს
ეგზიტპოლების თანახმად, პარიზის მერის პოსტზე მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი ემანუელ გრეგუარი ლიდერობს

პარიზის მერის პოსტზე სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ემანუელ გრეგუარმა მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში დიდი უპირატესობა მოიპოვა და, სამი ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორ ყოფილ მინისტრს, რაშიდა დატის გაუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მემარცხენე ალიანსის ლიდერმა, ემანუელ გრეგუარმა ხმების 36.4 პროცენტი მიიღო, რაშიდა დატიმ კი – 24.8 პროცენტი. ფრანგული მედიის ცნობით, გრეგუარისა და დატის გარდა, ეგზიტპოლების თანახმად, ათპროცენტიანი ზღვარი გადალახეს პარტია „ორიზონის“ წარმომადგენელმა, პიერ-ივ ბურნაზელიმ და რადიკალურმა მემარცხენე კანდიდატმა, სოფია ჩიკირუმ. ეგზიტპოლის მიხედვით, ათპროცენტიანი ზღვარი, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე სარა კნაფომაც გადალახოს.

საფრანგეთის მუნიციპალური არჩევნების საბოლოო შედეგი, შესაძლოა, იმაზე იყოს დამოკიდებული, გამოეთიშებიან თუ არა კანდიდატები რბოლას თუ შექმნიან ალიანსს ორ ლიდერთან.

მედიის ცნობით, ემანუელ გრეგუარმა სოფია ჩიკირუსთან გაერთიანება გამორიცხა, ხოლო რაშიდა დატიმ პიერ-ივ ბურნაზელის არაერთხელ მოუწოდა გაერთიანებისკენ, რათა ცენტრისტ-მემარჯვენეების ხმების გაყოფა თავიდან აიცილონ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში მუნიციპალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 56 პროცენტიდან 58.5 პროცენტამდე იყო, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 63.55 პროცენტს შეადგენდა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. კენჭისყრა ორ ტურად ტარდება – მეორე ტური 22 მარტს გაიმართება. მეორე ტურში მხოლოდ ის კანდიდატები გადავლენ, რომლებიც პირველ ტურში ხმების ათ პროცენტზე მეტს დააგროვებენ.