ეგვტიპური მედიის ინფორმაციით, კენას პროვინციის სოფელ ალ-ალეკატში უცნობი დაავადება გავრცელდა
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, კენას პროვინციის სოფელ ალ-ალეკატის მცხოვრებთა შორის უცნობი დაავადება გავრცელდა. სინჯების ასაღებად ეგვიპტის ხელისუფლებამ სოფელში სამედიცინო ჯგუფები გაგზავნა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის 1 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, დაავადების გაურკვევლობამ მოსახლეობაში პანიკა და შიში გაავრცელა. მოსახლეობა აცხადებს, რომ დაავადება კანალიზაციის ღია ჭებიდან კოღოებმა გაავრცელეს.
ადგილობრივი მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს ჯანდაცვის მესვეურებს, რომლებმაც ინდივიდუალურ შემთხვევებს ყურადღება არ მიაქციეს.
დაავადება მასშტაბურად ბოლო დღეებში გავრცელდა. დაავადების სიმპტომებს შორის არის სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ძლიერი დაღლილობა. ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს დენგეს ცხელების აფეთქება.