ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეგვიპტე ვერ მიიღებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, როგორც ლეგიტიმურ თავდაცვას
ეგვიპტე ვერ მიიღებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, როგორც ლეგიტიმურ თავდაცვას, – ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუკრიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენსა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღაზაში მომხდარი სამწუხარო მკვლელობების გამართლება შეუძლებელია. Სახეზეა კოლექტიური სასჯელი – ისრაელის სამიზნეა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმები. გარდა ამისა, ისრაელი ცდილობს, აიძულოს პალესტინელები, დატოვონ მათი მიწები – ეს საერთოდ არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური თავდაცვა”, – განაცხადა შუკრიმ.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელი ომის საერთაშორისო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ეგვიპტე იყენებს ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს დახმარების მიწოდება ღაზაში. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ნაადრევია ღაზის მომავლის განხილვა.
„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მთავარ საკითხზე – ეს არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ღაზის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება, გადაადგილების საკითხების მოგვარება და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა შუკრიმ.
ამასთან, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ისრაელი და თქვა, რომ „ისრაელის საომარი დანაშაულები უნდა შეწყდეს და უნდა დასრულდეს მისი იმუნიტეტი საერთაშორისო სამართლის მიმართ“.
„ღაზის მიმართულებით გაშვებული ყოველი რაკეტით, პალესტინელი ბავშვის ყოველი მკვლელობით მთელი რეგიონი იძირება სიძულვილის ზღვაში, რომელიც განსაზღვრავს მომავალ თაობების ცნობიერებას. ეს უკვე იწყებს გამოვლინებას რეგიონში სიძულვილის გამომჟღავნებით და ანტისემიტიზმის სავალალო გამოხატულებებით“, – განაცხადა საფადიმ.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ომის შეჩერებაა და თქვა, რომ აშშ-ს წამყვანი როლი აქვს ამ ძალისხმევაში.