ეგვიპტის ქალაქებში, ტაბასა და ნუვაიბაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ტაბაში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, იემენიდან იყო გაშვებული
ეგვიპტის ქალაქებში, ტაბასა და ნუვაიბაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ტაბაში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, იემენიდან იყო გაშვებული

ეგვიპტის წითელი ზღვისპირა ორ ქალაქში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში ორმა წყარომ განუცხადა, აფეთქებები მოხდა სინის ნახევარკუნძულზე მდებარე დასახლებებში, კერძოდ, ისრაელის საზღვართან მდებარე ქალაქ ტაბაში და 70 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ნუვაიბაში. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაბაში დაშავებულია ექვსი ადამიანი.

ეგვიპტური მხარე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას. ეგვიპტური მედიის ცნობით, როგორც ჩანს, ტაბაში ჩამოვარდნილი რაკეტა დაკავშირებულია „ჰამასსა“ და ისრაელის არმიას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან.

მომხდარს გამოეხმაურნენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. როგორც პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ეგვიპტის ქალაქ ტაბაში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, იემენიდან იყო გაშვებული.