ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაერო-ს ყოველწლიური კლიმატის სამიტი გაიხსნა
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაერო-ს ყოველწლიური კლიმატის სამიტი გაიხსნა. კონფერენციაზე სიტყვით 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები გამოვლენ.
შეხვედრა გასული წლის სამიტის პრეზიდენტმა, ალოკ შარმამ გახსნა და თქვა, რომ მსოფლიო ლიდერებმა გამოღვიძების არაერთ ზარს შესაბამისად უნდა უპასუხონ. კლიმატის სამიტის ახალ პრეზიდენტად ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, სამეჰ შუქრი აირჩიეს.
გაერო-ს კლიმატის სამიტის მთავარი ნაწილი 7 ნოემბრიდან დაიწყება, როდესაც ქვეყნების და მთავრობების ხელმძღვანელები მსოფლიო საზოგადოების წინაშე ხუთწუთიანი მოხსენებებით წარდგებიან. მსოფლიო ლიდერების სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
გამოსვლები დაგეგმილია 7-8 ნოემბერს, რის შემდეგაც კონფერენციის დელეგატები მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
კლიმატის სამიტის გახსნის პარალელურად, გაერო-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სათაურით „კლიმატის ქაოსის ქრონიკა“. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ანგარიშის გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ „პლანეტა უბედურების სიგნალს აგზავნის.“
მოქმედების აუცილებლობა გამოიკვეთა გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლეს ანგარიშშიც. 2022 წლის გლობალური კლიმატის ანგარიშში, მეცნიერთა შეფასებით, გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 1.15 გრადუსით პრეინდუსტრიული პერიოდის შემდეგ და რომ ბოლო რვა წელი იყო ყველაზე თბილი პერიოდი, რაც კი დღემდე აღნუსხულია.
შარშან, გლაზგოში გამართულ სამიტზე მსოფლიო ლიდერები რამდენიმე პირობაზე შეთანხმდნენ: ნახშირის – ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის მოხმარების „შემცირება“, 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერება, 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30 პროცენტით შემცირება, გაერო-ს ახალი კლიმატის სამოქმედო გეგმების წარდგენა.