ეგვიპტის პრეზიდენტი – ეგვიპტე მზადაა, „ჰუსიტებთან“ ბრძოლის დროს საუდის არაბეთს საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს

01:13, 19.10.2026

ეგვიპტე მზადაა, „ჰუსიტებთან“ ბრძოლის დროს საუდის არაბეთს საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისი​მ განაცხადა.

ამასთან, ალ-სისიმ ეგვიპტის პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა, რათა მას საუდის არაბეთის დაცვაში დახმარების ნებართვა მიეცეს.

„ეგვიპტე საუდის არაბეთს ყველა საჭირო და შესაძლო ფორმით მხარდაჭერას გაუწევს მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, რესურსების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისლამური წმინდა ადგილების დასაცავად“, – ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებაში.

მისივე თქმით, ეგვიპტე იმოქმედებს საუდის არაბეთის მეფის, სალმანისა და მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის მითითებების შესაბამისად.

ამასთან, ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში, ნაჯრანის რეგიონში სადაზვერვო ვერტმფრენ AH-6i-ის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. კოალიციის პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ თურქი ალ-მალიკის განცხადებით, ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. მისივე თქმით, ინციდენტი მოხდა ტერიტორიაზე, რომელიც საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის სამინისტროს იურისდიქციას ექვემდებარება.

მოგვიანებით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს კადრები, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ასახულია საუდის არაბეთის AH-6i ვერტმფრენის ჩამოგდება რაკეტის საშუალებით. „ჰუსიტების“ თქმით, ვერტმფრენი ნაჯრანის სიახლოვეს „მტრულ ქმედებებს“ ახორციელებდა.

მსგავსი