ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ეს 12 წლის განმავლობაში თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.
„შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები“, – ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი შეეხება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, განსაკუთრებით ისრაელის ღაზაზე თავდასხმებს.
სისის ჩასვლა ანკარაში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ხოლო ერთობლივი პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ანადოლუს“ ცნობით, ორი ქვეყანა ხელს მოაწერს დაახლოებით 20 შეთანხმებას კომერციული კავშირების გაძლიერებისა და ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობისთვის.