ეგვიპტის ორი ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდა
ეგვიპტის ორი ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდა. ჰოსნი მუბარაქი კაიროს დახურულ სასამართლოს დარბაზში მუჰამედ მურსის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მივიდა.
მისი დაკითხვა საათნახევარი გაგრძელდა. 2011 წელს, რევოლუციის შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული 90 წლის მუბარაქი სასამართლოში შვილებთან ერთად იყო მისული.
ეგვიპტელი სამხედროების მიერ გადაყენებული მუჰამედ მურსი მისი წინამორბედის ჩვენებას განსასჯელთა სკამზე მჯდომი ისმენდა. ის „მუსლიმთა საძმოს“ სხვა წევრებთან ერთად ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა იმყოფებოდა.
მურსის ციხიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზებასა და ეგვიპტის აღმოსავლეთ საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე 2011 წელს მუბარაქის წინააღმდეგ დაწყებული აქციების პერიოდს მოიცავს.
მუბარაქის თქმით, 2011 წელს მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ასობით ადამინმა უკანონოდ გადმოკვეთა ეგვიპტის საზღვარი ღაზის სექტორიდან, რათა მხარი დაეჭირა „მუსლიმთა საძმოსთვის“.
„მე მითხრეს, რომ საუბარია 800 შეიარაღებულ მებრძოლზე“, – განაცხადა ეგვიპტის ექს-ლიდერმა.
ჰოსნი მუბარაქი თავდაპირველად ექვსი წლით დააპატიმრეს. შემდეგ კი მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას შარშან, მარტში ყველა ბრალდება მოუხსნეს და გაათავისუფლეს.
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი კი მისი არჩევიდან ერთ წელიწადში, გენერალ აბდეფატაჰ ალ-სისის ორგანიზებული პუტჩის შემდეგ დააპატიმრეს. ალ-სისი ამჟამად ეგვიპტის პრეზიდენტია.