ეგვიპტის მთავრობის პრესსამსახური პოლიტიკოსებს BBC-ს ბოიკოტირებიკენ მოუწოდებს
ეგვიპტის მთავრობის პრესსამსახური ეგვიპტელ პოლიტიკოსებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს მოუწოდებს, BBC-ს ბოიკოტი გამოუცხადონ. ხელისუფლების გადაწყვეტილება ბრიტანული მედიასაშუალების მიერ ადამიანის უფლებების შესახებ გავრცელებულ ანგარიშს მოყვა, რომელიც, ეგვიპტელების შეფასებით, „ტყუილებითაა გაჯერებული“.
გასულ კვირას BBC-მ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმული იყო გატაცებებისა და წამების ფაქტები, რომლებსაც, ბრიტანული გამოცემის თქმით, პრეზიდენტ აბდელ-ფათაჰ ალ-სისის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურები სჩადიან.
გამოცემა წერდა, რომ მსგავსი ფაქტები 2014 წლის შემდეგ აქტიურად ხდება, ანუ მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი პრეზიდენტი მოვიდა მართვის სათავეში.
ანგარიშის გამოქვეყნება ერთი კვირით უსწრებს არჩევნებზე ალ-სისის მეორე ვადით წარდგენას, სადაც ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყავს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე პატიმრობაში იმყოფება.