ეგვიპტის არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების 92%-ით გაიმარჯვა
ეგვიპტის არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების 92%-ით გაიმარჯვა

ეგვიპტის არჩევნების პირველადი მონაცემებით, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ ხმების 92%-ით გაიმარჯვა. ეს ნიშნავს რომ 23-მა მილიონმა ეგვიპტელმა არჩევნებში მხარი სწორედ მას დაუჭირა. ინფორმაციას ეგვიპტური სააგენტო ალ-აჰრამი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42 პროცენტი შეადგინა. არჩევნებში 60 მილიონი ხმის მიმცემიდან მონაწილეობა 25-მა მილიონმა მიიღო. არჩევნები სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ოთხშაბათს 22:00 საათზე დაიწყო.

მათ, ვინც სისის მხარი დაუჭირეს, გამოხატეს რწმენა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ქვეყანა ისლამისტური რადიკალიზმისგან დაიცვას, ასევე ტერორიზმისგან და უზრუნველყოს ეგვიპტის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამ კუთხით.

საბოლოო შედეგებს ეროვნული საარჩევნო კომისია 2 აპრილს გამოაცხადებს.