ეგვიპტეში უძველესი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს - სამარხი სავსეა სარკოფაგებით
ეგვიპტეში უძველესი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს - სამარხი სავსეა სარკოფაგებით

ეგვიპტეში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი, ათასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს.

2000 წლის სასაფლაო ძველი ეგვიპტის გვიანდელ პერიოდს, პტოლემეების დინასტიას ეკუთვნის. მოიცავს სულ მცირე რვა სამარხს, რომლებშიც მოთავსებულია მრავალი სარკოფაგი.

ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა სამარხების კომპლექსი მდებარეობს სამხრეთ კაიროში, ელ-მინიის საგუბერნატოროში (მუჰაფაზა), ხუმნის ნეკროპოლისიდან ექვს კილომეტრში.

კომპლექსში დიდი ოდენობით გვირაბი, რომლებიც სავსეა საოჯახო სამარხებით. არტეფაქტები მეცნიერებს რამდენიმე წელიწადი ეყოფათ საკვლევად.

„ამ აკროპოლისთან მუშაობისთვის სულ მცირე ხუთი წელი გვჭირდება. ეს აღმოჩენების მხოლოდ დასაწყისია“, — ამბობს ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი კალედ ალ-ანანი.

გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის ხელმძღვანელობით. ჯგუფი ეძებდა ანტიკური ზემო ეგვიპტის მე-15 ნომის (ადმინისტრაციული დანაყოფი) სასაფლაოს.

მათთვის ცნობილი იყო, რომ ამ სამარხზე დაკრძალული უნდა ყოფილიყო ღვთაება თოტის უმაღლესი ქურუმის სამარხი. თოტი იყო სიბრძნის, სამართლის, დამწერლობის, მეცნიერების, მაგიის და მიცვალებულთა განსჯის ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც ფრინველ იბისის თავი ჰქონდა.

ერთ-ერთ სამარხში, კანოპის ქილებზე ამოტვიფრულ იეროგლიფებში მოხსენიებულია ჯეჰუთი-ირდი-ესი, ხუთიდან ერთ-ერთი უდიდესი ქურუმი და პირველი თოტის ქურუმებს შორის.

კანოპის ქილებს ალებასტრისგან ამზადებდნენ. ჰქონდა ღმერთ ჰოროსის ვაჟების თავის გამოსახულებიანი თავსახურები. ოთხი მათგანი სამარხში ძალიან კარგ პირობებში იყო შენახული და შიგ ჩაყრილი იყო ქურუმის მუმიფიცირებული ორგანოები.

გარდა ამისა, ჯგუფმა იპოვა სულ მცირე 1000 უშბათი — სამგლოვიარო ფიგურები, რომლებსაც მიცვალებულს საფლავში ატანდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ მისი თანამგზავრები იქნებოდნენ საიქიოში.

თავად მუმია მაღალი ხარისხისაა, შემკულია ბრინჯაოს საყელოთი, რაც განასახიერებდა ღვთაება ნუტს, რომელიც ცხედარს ფრთებს აფარებდა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეში მფარველობისთვის. მუმია ასევე შემკული იყო ძვირფასი ქვის ლურჯი და წითელი მძივებით, ბრინჯაოთი შეფერილი ფირფიტებით, სპილოს ძვლითა და კრისტალებით მორთული ორი ბრინჯაოს თვალითა და ნახევრად ძვირფასი ქვის ოთხი ამულეტით.

სამარხში სულ 13 საფლავია, კიდევ ერთ საფლავში დამარხული აღმოჩნდა ოჯახი. საერთო ჯამში, კომპლექსის რვა სამარხში 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.

უცნობია, კიდევ არის თუ არა სხვა სამარხებიც, მაგრამ აღმოჩენა უკვე გამორჩეულია. გასულ წელს ერთ-ერთი სხვა სამარხის გახსნისას 17 მუმიას მიაკვლიეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ რეგიონის კავშირს ღვთაება თოტთან. წარსულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ათასობით მუმიფიცირებული ბაბუინი და ფრინველი იბისი, რომლებსაც თოტს სწირავდნენ მსხვერპლად.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ტურიზმს ხელს.

 

მომზადებულია news.sky.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით